საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილება შევიდა. განახლებულ დოკუმენტს დღეს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმში შეტანილი ცვლილება მთელ რიგ ტექნიკურ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ახალი დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამხედრო ბაზებზე მონიტორინგის განხორციელებას შეძლებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობას. მემორანდუმის პირველადი ვარიანტი, რომელიც 2009 წლის 26 იანვარს გაფორმდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალმხრივად აღებულ სხვადასხვა სახის ვალდებულებებს მოიცავს. დოკუმენტის გაფორმებით საქართველომ გამოხატა მზადყოფნა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მემორანდუმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებსაც განსაზღვრავს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ მისიის წინასწარ ინფორმირებასაც ითვალისწინებს.