საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საბუთების მიღება დასრულდა. მიმღებ კომისიაში განაცხადი 1574-მა მოსწავლემ შეიტანა. მისაღები გამოცდები 15-23 ივლისს (ფიზიკური მომზადება – 15 -17 ივლისი, ფსიქოლოგიური ტესტირება – 20-21 ივლისი, ტესტირება უნარ-ჩვევებში – 22-23 ივლისი) გაიმართება. ლიცეუმში სწავლის გაგრძელებას 300 კადეტი შეძლებს. სწავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით წარიმართება. 3 წლის განმავლობაში კადეტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. სასწავლო პროცესი ქუთაისში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე წარიმართება. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს მიიღებენ.